დღეს, 20 ივლისს (2017 წ.), ბათუმში გაიხსნა რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან მიმართებაში, ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით და უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგებს, გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებების პაკეტს, რომელიც ემსახურება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას, მათ შორის ციფრულ სამყაროში საავტორო უფლებების დაცვას. ყურადღება გამახვილდება ორგანიზებული დანაშაულის ტერორიზმთან კავშირზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ.
კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები არიან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო (ICC Georgia) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.