2017 წლის 13 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ დარეგისტრირდა ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „ნაბეღლავი“.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა, ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციაში (SAIC) 2016 წლის 17 თებერვალს შეიტანა განაცხადი. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სასაქონლო ნიშნების უწყების სახელმწიფო რეესტრში ადგილწარმოშობის დასახელება ,,ნაბეღლავი“ დარეგისტრირდა.
„ნაბეღლავი“-ს დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიენიჭა.
ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ჩინეთში, ისე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ქართული მინერალური წყლების ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას.
აღსანიშნავია, რომ ქართული მინერალური წყლის დასახელება ,,ნაბეღლავი“ ჩინეთში არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებული იყო ორი ჩინური კომპანიის სახელზე. საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების განმხილველ უწყებაში შეიტანა საჩივრები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ და მოითხოვა აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება. ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიებს შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და დავების განმხილველი უწყების 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ,,ნაბეღლავის“ რეგისტრაციები გაუუქმდათ ორივე ჩინურ კომპანიას.