2018 წლის 2-3 მაისს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მცხეთის ოფისში, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის ექსპერტებისათვის ჩატარდა ორდღიანი პრაქტიკული სემინარი თემაზე - „საერთაშორისო განაცხადების ელექტრონული სისტემა“. სემინარი მიზნად ისახავდა მადრიდის სისტემის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადების მიღებისა და გავრცელების ძირითადი მახასიათებლებისა და სიახლეების გაცნობას.
სემინარს უძღვებოდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ბრენდინგისა და დიზაინის სექტორის პროექტების მენეჯერი, პიტერ ბეიკერი, რომელიც მონაწილეებს ესაუბრა აღნიშნული სისტემის ელექტრონულ ფორმატში განაცხადის შეტანის, დამუშავების, უწყებებს შორის გადაგზავნისა და განმცხადებელთან კომუნიკაციის შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ისმო-ს წევრი მესამე ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს საერთაშორისო განაცხადების წარდგენის ელექტრონულ სისტემას. მოცემულ ეტაპზე ამ სისტემას იყენებენ მხოლოდ ბენელუქსის ქვეყნებისა და ავსტრალიის ინტელექტუალური საკუთრების უწყებები.
მადრიდის სისტემა სასაქონლო ნიშნის დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით განმცხადებელს ერთ ენაზე, ერთი განაცხადის წარდგენით, შეუძლია სასაქონლო ნიშნის დაცვა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრ 116 ქვეყანაში.
საქართველო „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ წევრია 1998 წლიდან.