4 - 8 ივნისს (2018), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ ორგანიზებით, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტარდება ბოლო, რიგით მეხუთე ტრენინგი თემაზე: „საავტორო და მომიჯნავე უფლებები“.
ტრენინგის მიზანია, საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და მათი აღსრულების საკითხებზე სალექციო კურსის ტექნიკური და მეთოდოლოგიური მომზადების სწავლება. კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება, რომელიც განკუთვნილი იქნება საჯარო მოსამსახურეთათვის, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგელებისათვის, იურისტებისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის.
ტრენინგს, რომელიც ისმო-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის პროექტის ფარგლებში ტარდება, უძღვებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა ინტელექტუალური საკუთრების თითოეულ ობიექტზე (სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, გამოგონებები და სასარგებლო მოდელები და სხვ.) და სრულდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე“ ტრენინგით. პირველი ტრენინგი ქართველი ლექტორებისათვის WIPO-ს ექსპერტთა მისიამ 2015 წლის დეკემბერში გამართა.
პროექტის დასრულების შემდგომ, ქართველ ლექტორებს გადაეცემათ ისმო-ს სერთიფიკატები და ოფიციალურად მიენიჭებათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) აკადემიის აკრედიტირებული ტრენერების სტატუსი.