თამარ თათეშვილი, სალომე თათეშვილი და საბა ზედგინიძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მანდატით ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციაზე იზრუნებენ. WIPO-ს მიერ ინტელეტუალური საკუთრების ელჩის სტატუსი სამეულს ერთი წლის ვადით მიენიჭა, რაც საშუალებას აძლევს ამ ახალგაზრდებს წვლილი შეიტანონ საქართველოს, ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების განვითარებაში.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ, პროექტის კანდიდატებად შეირჩა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდი „GoGeoGo“, ახალგაზრდა სამეული, რის შემდეგაც WIPO-ს აკადემიამ აღიარა მათი ინოვაციური და სამეწარმეო ძალისხმევა და მიანიჭა მათ 2021 წლის IP ელჩობა საქართველოში. ახლა მათი მისიაა ხელი შეუწყონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებას ახალგაზრდებში, როგორც საქართველოში, ასევე ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში. საქპატენტის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდებში საგამომგონებლო, ინოვაციური, ისევე როგორც სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პოპულარიზაციაა.
ახალციხის სკოლის მოსწავლეებმა ჯილდო მათ მიერ შექმნილი ტურისტული აპლიკაციისთვის „GoGeoGo“ მიიღეს. საავტორო უფლებებით დაცული აპლიკაცია ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს ინფორმაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, რაც საქართველოს ქალაქებისა და სოფლების პოპულარიზაციას ემსახურება და, შესაბამისად, ამ საყოველთაო პანდემიის პირობებში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. აპლიკაცია უკვე განთავსებულია "Play Store" - ზე, Android მომხმარებლებისთვის და გუნდი გეგმავს მის ხელმისაწვდომობას IOS მომხმარებლებისთვისაც.
ახალგაზრდების ახალი, საჭირო და განსხვავებული აპლიკაციის შექმნის ინსპირაცია გახდა დაკარგული ტურისტი, რომელიც საკურორტო ქალაქ აბასთუმანში წასვლას ცდილობდა. მოსწავლეები ტურისტს დაეხმარნენ, რის შემდეგაც დაიწყეს მუშაობა აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს სამცხე – ჯავახეთის მხარეში სატრანსპორტო სისტემის ნავიგაციაში ეხმარება. აპლიკაცია აერთიანებს ინფორმაციას ავტობუსების მოძრაობის განრიგის, ფასების და ხანგრძლივობის შესახებ. კონკრეტულ მიმართულებებზე დატანილია სურათები ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის. აპლიკაციის თვითნასწავლმა შემქმნელებმა მუშაობის პროცესში google და youtube გამოიყენეს. ახალგაზრდების აპლიკაციაზე მუშაობის იდეას მხარი აქტიურად დაუჭირა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელმაც, ხოლო აპლიკაციის საავტორო უფლებებით დაცვის აუცილებლობაზე ინფორმაცია მათ ოჯახის წევრებისგან მიიღეს.
„ძალიან კარგი იქნება, თუკი ინტელექტუალური საკუთრების სფეროს შესახებ ინფორმაცია სკოლებში იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ძალიან ბევრ შემოქმედებით ბავშვს ვიცნობთ, ვისაც ბევრი კარგი იდეა აქვს. მათ არ იციან, როგორ უნდა დაიცვან შექმნილი კონტენტი“,- აღნიშნა სალომე თათეშვილმა.
IP Youth Ambassador წარმოადგენს
WIPO-ს აკადემიის პროგრამის -
IP4Youth&Teachers ფარგლებში შემუშავებულ ერთ-ერთ პროექტს, რომლის მიზანია
დასახელებული კანდიდატების მიერ, დარგის მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებისა და ინოვაციების
წახალისების ხელშეწყობა თავიანთი ქვეყნების ახალგაზრდებში.