2021 წ. 15 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ ოფიციალურად გამოაქვეყნა ეროვნული და საერთაშორისო დიზაინების ექსპერტიზის სახელმძღვანელო. ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტით (EUGIPP), რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), დასრულდა მრავალწლიანი საქმიანობა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით. აღნიშნული სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის შემუშავებაზე, რომელიც პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ექსპერტებმა EUIPO-სა და საქპატენტის იურისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა EUIPO-ს დიზაინის სახელმძღვანელოს საფუძველზე, იმავე მეთოდოლოგიის გამოყენებით, განამტკიცებს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ადმინისტრაციულ ჩარჩოს და გააძლიერებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით ადმინისტრირების მომსახურების ხარისხს. გარდა ამისა, იგი ხელს შეუწყობს საქპატენტს ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და უზრუნველყოფს საქპატენტის საქმისწარმოების პრაქტიკის შესაბამისობას ევროკავშირის უახლეს პრაქტიკასთან.
საქართველოს სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმძღვანელო მოიცავს EUIPN-ის საერთო პრაქტიკას დიზაინებთან დაკავშირებით (CP6 და CP10). პრაქტიკის ამ დოკუმენტების მიზანია, უზრუნველყოს დიზაინის რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის პროცედურებისა და ექსპერტიზის გადაწყვეტილებების ერთგვაროვნება და შედეგების პროგნოზირება.
კერძოდ, სახელმძღვანელოში ინტეგრირებულია დიზაინის გრაფიკული გამოსახულების საერთო პრაქტიკა (CP6), რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი სიცხადის პრინციპის დაცვასა და დიზაინის რეგისტრაციის მოქნილი სისტემის ხელმისაწვდომობას მისი მოსარგებლეებისათვის.
ამასთან, სახელმძღვანელო ითვალისწინებს კრიტერიუმებს დიზაინებზე ინტერნეტით ინფორმაციის გახსნის შესაფასებლად (CP10). მისი მიზანია დიზაინის სისტემის მეშვეობით, დიზაინზე უფლებების მფლობელთა ეფექტური დაცვის მდგრადი უზრუნველყოფა ტექნოლოგიურად განვითარებად სამყაროში.
ეროვნული და საერთაშორისო დიზაინების ექსპერტიზის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და პროგნოზირებადობის გაზრდის მძლავრ ინსტრუმენტს, რომელიც სასარგებლოა საქართველოში როგორც დიზაინის რეგისტრაციაზე განმცხადებლებისთვის, ასევე დიზაინის ექსპერტებისთვის.
სახელმძღვანელო ხელსაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
https://rb.gy/yp6hmp (ქართულ ენაზე)
https://rb.gy/xw3sox (ინგლისურ ენაზე)