დღეს საქართველო აღნიშნავს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) წევრობის 13 წლის იუბილეს.
UPOV-ი არის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად შექმნილი კავშირი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობათა მოთხოვნების ჰარმონიზება და ამ მიზნით მეთოდური და ტექნიკური დახმარების გაწევა.
„უპირატესობები, რომლებსაც UPOV-ის წევრობა ანიჭებს საქართველოს არის სასელექციო საქმიანობის განვითარება საქართველოში, ახალი ჯიშების რაოდენობის ზრდა, გაუმჯობესებული ჯიშების ხელმისაწვდომობა, უცხოური ჯიშების რაოდენობის ზრდა და კონკურენტუნარიანობის განვითარების წახალისება უცხოურ ბაზრებზე“,- აღნიშნულია საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მანანა ფრუიძის საიუბილეო მიმართვაში.
თანამშრომლობის 13 წლიანი წარმატებული ისტორია რიცხვებში ასე გამოისახება: საქართველოში შემოტანილია მცენარის ახალი ჯიშის 283 განაცხადი და გაცემულია სელექციონერის უფლების დამადასტურებელი 219 მოწმობა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სელექციონერების მიერ დარეგისტრირებულ კულტურებს შორის ლიდერობს სიმინდი და ხორბალი. ბოლო წლებში აქცენტი კეთდება უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში კენკროვანი კულტურების ახალი ჯიშების დაცვაზე - რეგისტრირებულია მოცვის 5 ახალი ჯიში და საქმისწარმოება მიმდინარეობს 15 განაცხადზე.
გარდა ამისა, UPOV-ის წევრი ქვეყნის სტატუსმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა მცენარეთა ჯიშების საერთაშორისო განაცხადების ინსტრუმენტის „UPOV PRISMA“-ს გამოყენებით, მცენარეთა ახალ ჯიშზე განაცხადი საქართველოშიც იქნას მიღებული, ხოლო მცენარეთა ახალი ჯიშების საერთაშორისო საძიებო სისტემაში “PLUTO” განთავსდეს ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ.
მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის გააქტიურებამ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ჯიშების სელექციონერთა განსაკუთრებული უფლებების მოპოვების მიმართ მოთხოვნებისა და ამ უფლებების დაცვის პირობების უნიფიცირების აუცილებლობამ განაპირობა დაინტერესებული ქვეყნების მიერ მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღება, რომელსაც ხელი მოეწერა პარიზში, 1961 წელს და მას UPOV კონვენციად მოიხსენიებენ. საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კონვენცია რატიფიცირებულია 2005 წელს, ამის შემდგომ, 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ” და უკვე 2008 წლის 29 ნოემბერს საქართველო შეუერთდა UPOV-ის კონვენციას.