2021 წ. 22-24 ნოემბერს საქპატენტის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO), ქალაქ ალიკანტეში. ვიზიტმა საქპატენტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, შეხვედროდნენ სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებს და გაცნობოდნენ EUIPO-ს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების წარმატებული უწყების საქმიანობას.
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტმა (EUGIPP) საწყისი ორი წლის განმავლობაში, საქპატენტს დახმარება გაუწია EUIPO-ს რამდენიმე დეპარტამენტთან ვირტუალური შეხვედრების ორგანიზებაში. ამჟამინდელი ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, ფიზიკურად გაცნობოდნენ EUIPO-ს იმ დეპარტამენტების წამომადგენლებს, რომელთა საქმიანობის სპეციფიურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირისპირ შეხვედრა.
საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლების გულთბილი დახვედრის შემდეგ საქპატენტის წარმომადგენლები შეხვდნენ EUIPO-ს საოპერაციო დეპარტამენტის ექსპერტებს და გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება ექსპერტიზის დონეზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების პროექტების შედგენა. ასევე, შეხვედრა გაიმართა სააპელაციო საბჭოს წარმომადგენლებთან, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სამუშაო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტებზე. საქმისწარმოების სამსახურის ექსპერტებმა სტუმრებს გააცნეს საკუთარი როლი უწყების საქმიანობაში, რომელიც გულისხმობს EUIPO-ს წარმომადგენლობას ევროკავშირის ზოგად სასამართლოსა და მართლმსაჯულების სასამართლოს წინაშე, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის იურისტებმა საქპატენტის დელეგაციას გაუზიარეს EUIPO-ს პრაქტიკული გამოცდილება ისმო-ს DAS სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომუნიკაციის სამსახურის დეპარტამენტმა სტუმრებს გააცნო საუკეთესო პრაქტიკა როგორც გარე, ისე შიდა საკომუნიკაციო კამპანიებისა და მეთოდების შესახებ.
პროექტთან დაკავშირებული მომავალი წლიური სამუშაო გეგმისათვის ახალი აქტივობების შემუშავების მიზნით, ობსერვატორიამ საქპატენტის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია დაინტერესებულ პირთა ქსელის მართვის, კონკრეტული კვლევების მეთოდოლოგიის, უფლებების აღსრულების ინსტრუმენტების შესახებ და წარმოადგინა უკანასკნელი სიახლეები ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში. გარდა ამისა, საქპატენტის მხარდაჭერის მიზნით ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და სტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა სტუმრებს გაუზიარა გამოცდილება დასაქმების, ადამიანური რესურსის ეფექტურობის მართვის სისტემისა და კარიერული წინსვლის შესახებ. სწავლისა და განვითარების კუთხით საინტერესო იყო შეხვედრა სასწავლო აკადემიასთან, რომელიც ხელს უწყობს EUIPO-ს, საზოგადოებას შესთავაზოს სხვადასხვა სასწავლო პროდუქტი, საქმიანობა და მომსახურება.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტი პროექტის მიმდინარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას EUIPO-სა და საქპატენტს შორის. სასწავლო ვიზიტების შედეგების საფუძველზე, EUGIPP გააგრძელებს საქპატენტის მხარდაჭერას მომხმარებლების საკეთილდღეოდ, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში.