„სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets “ პროექტის ავტორებმა მოიპოვეს გამარჯვებულის ტიტული 2021 წლის ნორჩ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“. გრანპრის მფლობელები დემეტრე საზანოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. „სმარტ კოსტუმის“ გამომგონებელი გუნდი გახდა საქპატენტის რჩეულიც, რომელიც გამოირჩეოდა ინოვაციურობით.
საქპატენტი ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მხარდამჭერთა სიაშია ყოველ წელს და უწყების წარმომადგენლები საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრები არიან - მონაწილეობენ კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში, მათ შორის, ადგენენ აკმაყოფილებს თუ არა პროექტი სიახლის, საგამომგონებლო დონის და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, საკონკურსო გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია, 29 ნოემბერს (2021წ.) ონლაინ რეჟიმში გაიმართა. საქპატენტის რჩეულ კონკურსანტს და ამავე დროს 2021 წლის კონკურსის გრანპრის მფლობელი გუნდის წევრებს, სპეციალური პრიზის შესახებ საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ კუციამ აცნობა.
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსია, რომლის მიზანია მოსწავლეთა შორის მეცნიერების პოპულარიზაცია, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსი ღია კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებს.
ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები, რომელთა განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემა. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის დროს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მეცნიერების და ტექნოლოგიების როლი გლობალური პრობლემების გადაჭრის კუთხით.