დღეს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სათავო ოფისში, საქპატენტისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - ელსა თბილისის (ELSA Tbilisi) ერთობლივი სტაჟირების პროექტის ფარგლებში, საქპატენტის წარმომადგენლებმა ELSA Tbilisi-ს წარმომადგენლებსა და წევრ სტუდენტებს გახსნითი ღონისძიებით უმასპინძლეს. ELSA Tbilisi-ის წევრი სამი ახალგაზრდა, ბესიკ მაჩაბელი, ანა გვარამია და სოფიო ლეჟავა დღეიდან, 4 თვის განმავლობაში სტაჟირებას საქპატენტში გაივლიან. გახსნით ღონისძიებაზე, სტუმრებსა და სტაჟიორებს საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა და დეპარტამენტის უფროსებმა წარუდგინეს სტაჟირების პროექტის მიმდინარეობა, მათ მიერ შემუშავებული პროგრამა და შედეგები.
პროექტის ფარგლებში, საქპატენტი ELSA Tbilisi-თან ერთად, პროგრამაში მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების კანონმდებლობასა და ინსტრუქციებს, საერთაშორისო შეთანხმებებს და საქპატენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მუშაობის პრინციპებს, უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობით კი, მიიღონ გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების დარგში.
საქპატენტის პრიორიტეტს წარმოადგენს მოტივირებული, ინოვაციური აზროვნების მქონე კადრების მოზიდვა, შენარჩუნება, მხარდაჭერა და მათი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესება, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და საქართველოში პროფესიონალური კადრების რაოდენობის ზრდას.