ტექნიკური სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) ფარგლებში შექმნილი ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ, უკრაინაში, კიევში. ღონისძიებაზე, რომელიც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ იყო ორგანიზებული, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, პირველმა დანერგა ევროკავშირის პრაქტიკა სამუშაო ინსტრუმენტებთან მიმართებაში. აღნიშნული განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე პირები გაეცნენ საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას, პროექტის შინაარსს და მიმდინარეობას.
EUIPO-ს 2025 წლის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, მსგავსი სამუშაო შეხვედრები, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მოსაზრებების გაცვლისა და სამომავლო გეგმების შემუშავების მიზნით ხორციელდება და მრავალმხრივი, თანამშრომლობითი პლატფორმის ფორმირებას უწყობს ხელს. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ უწყებებთან ცოდნის, გამოცდილებისა და EUIPN-ის ფარგლებში შექმნილი ინსტრუმენტების გაზიარებას და ქსელის ფარგლებში გამოთქმული ინიციატივების საფუძველზე მიღებული სარგებლის შესახებ ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს.
EUIPN-ის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხელმისაწვდომია ინფორმაცია სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინებთან დაკავშირებული საერთო პრაქტიკის შესახებ. ჯგუფის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, ამავდროულად გამიზნულია უწყებების შუალედური მმართველი რგოლისათვის, ორი მიმართულებით: არსებითი პროცესების (სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების სფეროში) და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროცესების კუთხით (ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვა).
EUIPO ადმინისტრირებას უწევს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებსა და რეგისტრირებულ დიზაინებს და ახორციელებს ევროკავშირის მასშტაბით სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის საშუალებით. ორგანიზაცია თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, უზიარებს მათ გამოცდილებას სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის რეგისტრაციის საკითხებში და მხარს უჭერს პრაქტიკის ჰარმონიზებას როგორც ევროკავშირში, ისე მთელ მსოფლიოში.