„„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ახლებურად დარეგულირდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები, მათ შორის, დაიხვეწა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპები და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განისაზღვრა უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების უფლება-მოვალეობები.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, აგრეთვე, დადგინდა, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროება აკრედიტაციის გავლა. ამასთან დაკავშირებით, საქპატენტს დაეკისრა ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქპატენტი აცხადებს კონკურსს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად.
აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყება 2023 წლის 26 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 26 ნოემბერს, 18:00 საათზე.
აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს საქპატენტში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს განაცხადის მასალები ელექტრონული ფორმით მონაცემთა ელექტრონული მატარებლის (მაგ., CD-ROM დისკი) გამოყენებით. ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
• ელექტრონულად შევსებული განცხადების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე;
• ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები დადებული უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით;
• უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომელთა რეპერტუარიც არსებითად ფარავს უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით;
• დასაბუთებული მოთხოვნა ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე, თუ განმცხადებელი ვერ ახერხებს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენას;
• კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში;
• განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადს მონაცემთა მატერიალური მატარებლის მეშვეობით უნდა ერთოდეს ელექტრონული ცხრილი (Excel ფორმატი), ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა ინფორმაციის მექანიკური დათვლის საშუალებას და შეიცავს ინფორმაციას უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებებისა და უცხო ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების შესახებ, შესაბამისი რეპერტუარისა და უფლების მფლობელის მითითებით.
აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს და გადახდილ უნდა იქნეს საქპატენტის ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია:
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707807519
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი და გვარი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
განაცხადები მიიღება მის.: ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №4. ელექტრონული განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: info@sakpatenti.org.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 62 30 64.