საქპატენტის ინიციატივით დაიწყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული დისტანციური კურსის DLJTIP შემუშავებისა და დანერგვის პროცესი. კურსი განკუთვნილია ქართველი მოსამართლეებისთვის და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას. პროექტი ხორციელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში - საქპატენტის თანამშრომლობით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და WIPO-ს მხარდაჭერით.
კურსის შემუშავება და დანერგვა მოიცავს სასწავლო მასალის თარგმნა-ადაპტირებას, მოსამართლე ტრენერების მომზადება-გადამზადებას და საპილოტე კურსის ჩატარებას მიზნობრივ ჯგუფთან. აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ, კურსი სამართავად გადაეცემა იუსტიციის უმაღლეს სკოლას, რათა მოხდეს მოსამართლეთა განგრძობადი განათლების ყოველწლიურ პროგრამაში ინტეგრირება.
პირველი გაცნობითი ხასიათის სესია და ტრენერთა ტრენინგი გაიმართა ონლაინ რეჟიმში, სადაც ე.წ. მასტერკლასი WIPO-ს აკადემიის მოწვევით ჩაატარა კურსის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ტორონტოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დოქტორმა ბასემ ავადმა. შეხვედრაზე მიმოიხილეს კურსის სტრუქტურა და შინაარსი, გაიცა რეკომენდაციები ეფექტიან დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სასწავლო გეგმის შედგენის, კითხვების ფორმულირებისა და შეფასების სქემის შესახებ, ასევე, შემაჯამებელი ანგარიშის მომზადების თაობაზე.
ტრენერების მომზადების პროგრამა მომავალი წლიდან ფიზიკურ ფორმატში გაგრძელდება. პროგრამას სულ 11 ტრენერი გაივლის - 7 მოსამართლე-ტრენერი იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან და 4 საქპატენტის წარმომადგენელი. კურსი მოიცავს 8 მოდულს. მასალის ასათვისაბლად საჭიროა დაახლოებით 75 საათი, რაც გადანაწილდება 8-9 კვირაზე. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
ამჟამად, კურსი ხელმისაწვდომია WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების პლატფორმაზე ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, არაბულად, პორტუგალიურად. იგეგმება კურსის რუსულ და ჩინურ ენებზე დამატება. დანერგვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ პლატფორმაზე ქართველი მოსამართლეებისთვის და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კურსი ხელმისაწვდომი გახდება ქართულ ენაზე.