ვიდეოკონფერენციის საშუალებით, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვასთან დაკავშირებით ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელშიც საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა.
საქართველოს მხარემ მოლდოვას დელეგაციასთან საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, მოლდოვაში დაცულია 46 ქართული უნიკალური ეროვნული პროდუქტი. სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ დამატებით ახალი სიის გაცვლაზე, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს, როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ წარადგინა 18 გეოგრაფიული აღნიშვნა/ადგილწარმოშობის დასახელება, რომელსაც დაცვა უნდა მიენიჭოს მოლდოვას რესპუბლიკაში.
ქართულმა მხარემ მოლდოველ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ, მათ შორის, პრეზენტაციით წარსდგა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი, რომელმაც ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეგისტრაციის პროცესების შესახებ.
2023 წლის 17 მაისიდან ძალაში შევიდა „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, „შეთანხმების განხორციელებაზე მონიტორინგის, გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლები“.