სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.
სასაქონლო ნიშნის დანიშნულებიდან გამომდინარე, არსებითად ნებისმიერი სიმბოლო, რომლიც გამოდგება ერთი საქონლის მეორისგან განსასხვავებლად, შეიძლება იყოს სასაქონლო ნიშანი. ამიტომ, შეუძლებელია სასაქონლო ნიშნად ვარგის სიმბოლოთა ამომწურავი ჩამონათვლის დადგენა. სასაქონლო ნიშანთა ნაირსახეობის შეზღუდვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარკვეული პრაქტიკული მოსაზრებებით. საქართველოში სასაქონლო ნიშნებად დასაშვებ სიმბოლოთა სიმრავლე შეზღუდულია და შეიცავს მხოლოდ იმ სიმბოლოებს, რომელთა გამოსახვაც გრაფიკულად არის შესაძლებელი.
ასეთი შეიძლება იყოს:
ნიშანი შეიძლება იყოს შესრულებული როგორც შავ-თეთრ ფერებში, ისე სხვა ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
სიმბოლოს გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია, უფრო მეტიც, სასაქონლო ნიშნის დამკვიდრებისა და მასზე უფლებების მოპოვების ერთ-ერთი გზა სწორედ მისი ინტენსიური და ხანგრძლივი გამოყენებაა. მაგრამ, მხოლოდ რეგისტრაცია იძლევა სასაქონლო ნიშნების სრულყოფილი დაცვის სათანადო გარანტიას. იგი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის განკარგვისა და მასზე განსაკუთრებული უფლებების შეუფერხებელი აღსრულების მყარ საფუძველს.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის აუცილებელია (მაგრამ არასაკმარისი), რომ იგი იყოს დაცვითუნარიანი, ანუ მას უნდა გააჩნდეს საკმარისი განმასხვავებლობა და არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.