გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი მიმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.
წარმოშობის ადგილი შეიძლება იყოს ქვეყნის ადგილი - სოფელი, ქალაქი, რეგიონი და თავად ქვეყანაც.
გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულება უშუალოდ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს. გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებს ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს, ამიტომ გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.
ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის სახელი - გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი და იგი შეიძლება გამოიყენებოდეს ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ამასთან, პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული მთლიანი ციკლი უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.
ამდენად გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას. ადგილწარმოშობის ნებისმიერი დასახელება გეოგრაფილი აღნიშვნაცაა, მაგრამ არა – პირიქით. გეოგრაფიული აღნიშვნების ზემოთ მოყვანილი დასახელებებიდან, მაგალითად "ტვიში", "ბორჯომი" და "ხვანჭკარა”, რომლებიც შესაბამისი ქვეყნების მკაცრად განსაზღვრულ რეგიონებში იწარმოება, ადგილწარმოშობის დასახელებაცაა მაშინ, როდესაც "ჭაჭა” მხოლოდ გეოგრაფიულ აღნიშვნას წარმოადგენს.