სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ინტელექტუალური საკუთრების დარგში პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და ინოვაციის მხარდაჭერა.
2015 წელს, ზემოთ აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქპატენტში შეიქმნა - საქპატენტის სასწავლო ცენტრი, რომელიც შექმნის დღიდანვე სარგებლობდა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გაფორმდა მემორანდუმები, რომელთა საფუძველზე ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო - შემეცნებითი აქტივობები.
2020 წლიდან დამტკიცდა საქპატენტის სასწავლო ცენტრის, როგორც საქპატენტის სტრუქტურული ერთეულის დებულება. დებულებით განისაზღვრა ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, სტრუქტურა, ძირითადი ფუნქციები და უფლება - მოვალეობები. შეიქმნა ახალი კონცეფცია ინტელექტუალური საკუთრების სფეროს დინამიკური განვითარების პირობებში, რომლის მთავარი მიზანია - ინტელექტუალური საკუთრების დარგში პროფესიონალთა რაოდენობის მატება. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრის ხედვა, სადაც განისაზღვრა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განხორციელება და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა.
საგანმანათლებლო აქტივობების შემუშავება/დანერგვის მიზნით, სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.