საავტორო უფლებები იცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს.
ასეთ ნაწარმოებებს მიეკუთვნება ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში შექმნილი ყველა ნამუშევარი, მისი გამოსახვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად, როგორიცაა:
- ლიტერატურული ნაწარმოებები: წიგნები, ბროშურები, სტატიები და სხვა წერილობითი ნაწარმოებები; ლექციები, მიმართვები, ქადაგებები და ამავე ხასიათის სხვა ნაწარმოებები;
- დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები;
- ქორეოგრაფიის, პანტომიმის და სხვა სასცენო ნაწარმოებები;
- ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებები;
- აუდიოვიზუალური (კინემატოგრაფიული) ნაწარმოებები;
- სახვითი ხელოვნების, ფერწერული, სკულპტურული ნაწარმოებები, გრავიურა და ლითოგრაფია; თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებები;
- ფოტოგრაფიული ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოებები;
- დეკორატიული, გამოყენებითი და მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოებები;
- რუკები, გეგმები, ესკიზები, ილუსტრაციები და სხვა მსგავსი ნაწარმოებები, რომლებიც განეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს;
- არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის და საბაღე-საპარკო ხელოვნების ნაწარმოებები;
- გადამუშავებული ნაწარმოებები, კერძოდ, თარგმანი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების სხვაგვარი გადამუშავება;
- შედგენილი ნაწარმოებები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენენ;
- კომპიუტერული პროგრამები;
- სხვა ნაწარმოებები.
საავტორო უფლებები არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:
- ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;
- სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);
- ინფორმაციაზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, ახსნილია, აღწერილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.
საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაიცვება იდეის გამოხატვის მხოლოდ ფორმა და არა თვით იდეა.
საავტორო უფლება ნაწარმოებზე წარმოიშობა მისი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა (მაგალითად: ხელნაწერი ან ნაბეჭდი ტექსტი, ნოტები, ჩანაწერი, ნაწარმოების საჯაროდ წარმოთქმა (დეკლამირება) და სხვ.).
საავტორო უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობების დაცვა. პირი, რომელიც ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე სათანადო წესითაა აღნიშნული, როგორც ავტორი, მიიჩნევა ამ ნაწარმოების ავტორად, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ იქნება დასაბუთებული.
ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის სურვილის შემთხვევაში, ითვალისწინებს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საქპატენტში დეპონირების შესაძლებლობას.
დეპონირების შედეგად საქპატენტის” მიერ გაიცემა მოწმობა, რომელიც არ წარმოშობს საავტორო უფლებებს და ადასტურებს მხოლოდ დეპონირების ფაქტს, ანუ დეპონირებით დასტურდება მხოლოდ საქპატენტში წარდგენის თარიღისთვის ნაწარმოების ობიექტური ფორმით (ხელნაწერი ან ნაბეჭდი ტექსტი, ნოტები, ჩანაწერი და სხვ.) არსებობის ფაქტი.
დეპონირებისას განმცხადებელმა არ უნდა დაარღვიოს სხვა პირთა საავტორო ან სხვა უფლებები. ამასთან, საქპატენტში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.
დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო შეიძლება გახდეს მხოლოდ თავად განმცხადებლის მოთხოვნით.
ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მფლობელია ნაწარმოების ავტორი. საავტორო უფლებები ავტორის გარდაცვალების შემდეგ გადადის მის, მემკვიდრეებზე. საავტორო უფლებები შეიძლება გადაეცეს სხვა უფლებამონაცვლესაც (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი).
ნაწარმოების სახეობის შესაბამისად, ავტორი შეიძლება იყოს მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, არქიტექტორი და სხვ.
ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლებები ერთობლივად ეკუთვნით თანაავტორებს.
აუდიოვიზუალური ნაწარმოების შემთხვევაში ავტორებად მიიჩნევიან დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისთვის.
ავტორს აქვს პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები.
ავტორის არაქონებრივი უფლებებია:
- უფლება, აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს თავისი სახელის მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან ნებისმიერი სახით გამოყენებისას (ავტორობის უფლება);
- უფლება, მიუთითოს ფსევდონიმი და მოითხოვოს ფსევდონიმის მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან ნებისმიერი სახით გამოყენებისას, აგრეთვე, უარი თქვას სახელის მითითებაზე (სახელის უფლება);
- უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი;
- უფლება, ნება დართოს, შეიტანონ ცვლილებები ნაწარმოებში, სათაურში ან ავტორის სახელში (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);
- უფლება, დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯების ან სხვაგვარი ხელყოფისგან, რამაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება);
- უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ მის ნაწარმოებს სხვა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი და სხვ.);
- უფლება, საჯაროდ მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება).
პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ქონებრივი უფლებების დათმობის შემთხვევაშიც.
ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება დაუშვებელია.
ავტორის ქონებრივი უფლებები
ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც გულისხმობს მის უფლებას განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
- ნაწარმოების რეპროდუცირება. ნაწარმოების რეპროდუცირება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის გადაბეჭდვის ან ასლის გადაღების გზით, მაგნიტური ფირის გამოყენებით, ციფრული ფორმით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით. თუმცა, ავტორის მიერ ან მისი ნებართვით კომერციული მიზნით ნაწარმოების ორგიგინალის ან ასლების საქართველოში პირველი გაყიდვით ამოიწურება ნაწარმოების საქართველოს ფარგლებში შემდგომი გავრცელების უფლება;
- ნაწარმოების საჯარო ჩვენება (მაგალითად: ნახატის ან ფოტოს დემონსტრირება);
- ნაწარმოების საჯარო შესრულება (მათ შორის, ნაწარმოების საზოგადოებისთვის უშუალოდ დეკლამაციის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით (ცოცხალი შესრულება), ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით). ამასთან, საჯარო შესრულებას ადგილი არა აქვს მაშინ, თუ ის ხორციელდება ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეში;
- ნაწარმოების საჯარო გადაცემა, კერძოდ, გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა რადიო- ან ტელეეთერში, კაბელით ან იტერნეტით;
- ნაწარმოების თარგმნა;
- ნაწარმოების გადამუშავება;
- ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა.
კანონის მიხედვით, დაზუსტებულია და დამატებით განმარტებულია ზოგიერთი სახის ნაწარმოების ავტორთა ქონებრივი უფლებები. კერძოდ, კომპიუტერული პროგრამის ავტორს უფლება აქვს განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს მისი რეპროდუცირება, ანუ ჩატვირთვა, ჩვენება, შენახვა; პროგრამირების ერთი ენიდან მეორეზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზაცია და სხვ.
მონაცემთა ბაზის ავტორს, კი შეუძლია განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს მისი დროებით ან მუდმივად რეპროდუცირება, მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზაცია, ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური თუ პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.
ამასთან ერთად, კანონი ითვალისწინებს იმ მეორე ტიპის მონაცემთა ბაზის დაცვას, რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს, მაგრამ მაინც დაცული უნდა იყოს უფლებები მისი დამამზადებლისა, რომელმაც ჩადო მნიშვნელოვანი კაპიტალი მასალების მოპოვებაში, შემოწმებაში, გადამუშავებასა და სისტემატიზაციაში.
კანონით დადგენილია შეზღუდვები და გამონაკლისები ავტორის ქონებრივი უფლებებიდან. კერძოდ:
დაშვებულია ნაწარმოების რეპროდუცირება მხოლოდ პირადი სარგებლობის მიზნით, ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა:
- არქიტექტურული ნაწარმოების ნაგებობის ფორმით რეპროდუცირებისა;
- წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფირებისა;
- აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჰონორარს იხდიან რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობების (აუდიო და ვიდეო აპარატურა და სხვ.) და მატერიალურ მატარებელთა (ფირი, კასეტა, კომპაქტფირფიტა და სხვ.) მწარმოებლები და იმპორტიორები.
ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე დაშვებულია:
- ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ ერთეულ ასლად განადგურებული, დაკარგული ან სარგებლობისთვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის რეპროდუცირება მოგების მიუღებლად; ფიზიკურ პირთა მოთხოვნით ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე ნაწარმოებების მოკლე ნაწყვეტების რეპროგრაფია სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით;
- ნაწარმოების ციტირება ან ილუსტრაციის სახით გამოცემებში გამოყენება სამეცნიერო, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის;
- მიმდინარე საკითხებზე პერიოდულ გამოცემებში უკვე გამოცემული სტატიების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, თუ ეს პირდაპირ არ არის აკრძალული;
- მიმდინარე მოვლენების პროცეში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა საინფორმაციო მიზნით;
- საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, ლექციის, მიმართვის, ქადაგების, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვის რეპროდუცირება ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მიერ ან საინფორმაციო მიზნით საჯარო გადაცემა;
- თავისუფალი დასწრების ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული არქიტექტურული, ფოტოგრაფიული, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება ძირითად ობიექტს წარმოადგენს ან გამოიყენება მოგების მისაღებად;
- მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიების დროს;
- სასამართლო წარმოებისთვის;
- ეთერში გადაცემული იმ ნაწარმოების ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისთვის, რომელზედაც მიღებულია გადაცემის უფლება, თუ ჩანაწერი დამზადდება საკუთარი გადაცემისთვის და ჩანაწერი, გარდა დოკუმენტური კადრებისა, განადგურდება ჩაწერიდან 6 თვეში.
საავტორო უფლებები წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და 70 წელი მისი გარდაცვალებიდან;
თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, საავტორო უფლებები მოქმედებს ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის დღიდან 70 წლის განმავლობაში;
თანაავტორების ან აუდიოვიზუალური ნაწარმოების შემთხვევაში, საავტორო უფლებები მოქმედებს უკანასკნელი ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში;
ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.
საავტორო უფლებების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ნაწარმოები შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა ჰონორარის გადახდის გარეშე.
ავტორს ან სხვა უფლებამფლობელს შეუძლია ქონებრივი უფლებების გაყიდვა ან სხვა ფორმით გასხვისება მთლიანად ან ნაწილობრივ. მასვე შეუძლია აგრეთვე დაუთმოს ნებისმიერ პირს ნაწარმოების გამოყენების უფლება, ანუ გასცეს განსაკუთრებული და ჩვეულებრივი ლიცენზია.
ჩვეულებრივი ლიცენზიის დროს ავტორი ანიჭებს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ვადით. ამავე დროს, ავტორი ინარჩუნებს უფლებას გასცეს ასეთივე ლიცენზიები სხვა პირებზეც.
განსაკუთრებული ლიცენზის შემთხვევაში მხოლოდ ლიცენზიატი იღებს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ვადით. ხოლო ავტორს აღარ შეუძლია გასცეს ახალი ლიცენზია სხვა პირებზე. ამასთან, ლიცენზიატი უფლებამოსილი ხდება, ნება დართოს ან აუკრძალოს ნებისმიერ პირს (მათ შორის თავად ავტორსაც) ნაწარმოების გამოყენება.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს უფლება აქვთ, შექმნან ნებაყოფლობითი კავშირი - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაცია, რომელმაც უნდა გაიაროს სპეციალური რეგისტრაცია.
კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მთავარი ფუნქციაა, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენებისათვის ავტორთა სახელით გასცეს ლიცენზიები მოსარგებლეებზე, დააწესოს ტარიფები, შეაგროვოს შესაბამისი ჰონორარი და გაანაწილოს არა მარტო მის წევრ, არამედ უცხოელ ავტორებზეც.
ორგანიზაციას გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებები ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან, რის საფუძველზეც უცხოური ორგანიზაციები აგროვებენ ჰონორარს მათ ტერიტორიაზე ქართველ ავტორთა ნაწარმოებების გამოყენების შემთხვევაში და ურიცხავენ მას საქართველოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, ანაწილებს ქართველ ავტორებს შორის.
აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსარგებლეების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სასამართლოს წინაშე წარმოადგინოს ავტორთა და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ინტერესები.
საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” (1999 წელი).
გარდა ამისა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს: "ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენცია (საქართველო წევრია 1995 წლის 16 მაისიდან), "შემსრულებლების, ფონოგრამის დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების დაცვის შესახებ” რომის კონვენცია (საქართველო წევრია 2004 წლის 14 აგვისტოდან), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებები "საავტორო უფლებების შესახებ” (WCT) და "შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ” (WPPT) (საქართველო წევრია 2002 წლის 20 მაისიდან), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის "ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრებაზე უფლებების ასპექტების შესახებ” (TRIPS) შეთანხმება (საქართველო წევრია 2000 წლის 14 ივნისიდან).
რაც შეეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ისინი რეგულირდება შემდეგი საკანონმდებლო აქტებით:
· საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლები: 1571,1572,1573 და 239);
· სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 189);
· "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონი, რომლითაც განსაზღვრულია სპეციალური მექანიზმები კონტრაფაქციული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის აღკვეთის მიზნით.