უცხო წარმოშობის საკუთარ სახელთა და სახელწოდებათა ქართულად ჩაწერისათვის
საქპატენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სისტემატურად დაისმის უცხო წარმოშობის საკუთარ სახელთა და სახელწოდებათა ქართულად ჩაწერის საკითხი (როდესაც თავს იჩენს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული განაცხადების ტრანსლიტერაციული მეთოდით ქართულში გადმოტანის სირთულეები. კერძოდ, გადასაწყვეტია მაგალითად, t, th, ght; p, ph, f; c, ck, k, q –ს მსგავსი ფონემებისათვის ქართულ შესატყვისად თ-ს ან ტ-ს; პ-ს ან ფ-ს; კ-ს ან ქ-სშერჩევისა და სხვა მსგავსი ტრანსკრიპციულ-ტრანსლიტერაციული საკითხები); ამ პრობლემის მოუგვარებლობა ხშირად იწვევს ერთი და იმავე სახელწოდების დუბლეტური ვარიანტების გაჩენას; ტრანსლიტერაციის უნიფიცირებული წესების დადგენის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დუბლეტურობა და ყველა ოფიციალურ დონეზე მოხერხდეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილ ერთსა და იმავე განაცხადში ფიქსირებულ პრაგმონიმთა იდენტიფიცირება.
ამ მოსაზრებით, საქპატენტი სახელმძღვანელოდ ირჩევს ფონეტიკურ შესატყვისობათა იმ ცხრილებს, რომლებიც მოცემულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის აკადემიურ ლექსიკონებში, როგორიცაა: საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი”, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, თბილისი, 1989. "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი”, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, თბილისი, 1989; ეს ლექსიკონები ეყრდნობა სამეცნიერო ჯგუფის მიერ დადგენილ წესებს, რომლებიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის აკადემიურ გამოცემაში პრაქტიკულადაა გატარებული. ამ ცხრილებით ძირითადად შესაძლებელია 12 ენისათვის ფონეტიკური შესატყვისობების დაძებნა; სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე საქპატენტში მომზადდა ბგერათშესატყვისობათა მეცამეტე ცხრილიც _ თურქული ენისათვის.
სასურველია საქპატენტში შემოსულ განაცხადებშიც ამავე პრინციპით გაფორმდეს უცხო წარმოშობის საკუთარი სახელები და სახელწოდებები. ყველა გამონაკლის შემთხვევას, როდესაც წარმოდგენილი ცხრილებში ვერ იძებნება სასურველი რეკომენდაცია, საქპატენტში განიხილავს სპეციალური კომისია.