მინდია დავითაძე – მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პერიოდში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასურზე 50%-იანი შეღავათი წესდება
03 დეკემბერი 2020 წ.
ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების და დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, რაც კერძო სექტორში დატოვებს მინიმუმ 700 000-მდე ლარს, საქპატენტი შეღავათის დაწესების ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში, საქართველოს მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების უწყება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის დადგენილ საფასურებზე, განაცხადების ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, გაავრცელებს 50%-იან შეღავათს.
საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ ინიციატივა დღეს, 3 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მან მინისტრთა კაბინეტს განსახილველად წარუდგინა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება საფასურების ცვლილების სამართლებრივი პროცედურა. მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში, 2018 წელს შეტანილი ცვლილება ელექტრონული საქმისწარმოების წესის არჩევის შემთხვევაში განმცხადებლებისთვის საფასურებზე 20%-იანი შეღავათის განსაზღვრის შესახებ, შეიცვლება 50%-იანი შეღავათით. აღნიშნული შეღავათის მოქმედების ვადა განისაზღვრება 6 თვით – 2020 წლის 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე.
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია აისახა საქპატენტში სასაქონლო ნიშნებზე ეროვნული პროცედურით შემოტანილი განაცხადების რაოდენობაზეც. კერძოდ, 2020 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადების რაოდენობა შემცირებულია 8%-ით.
ფინანსური გათვლებით, 2020 წლის 7 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში მოსალოდნელი განაცხადების რაოდენობა, რომლებზეც გავრცელდება შეღავათი, იქნება 1000 ერთეულამდე. საპროგნოზო თანხა ახალი განაცხადებიდან, რომლებსაც უნდა შეეხოს შეღავათი, შეადგენს დაახლოებით 1 350 000 ლარს, გადამხდელების მიერ დაზოგილი თანხა 50%-იანი შეღავათის შემთხვევაში იქნება 675 000 ლარი. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შეღავათის დაწესების ინიციატივა ემსახურება განმცხადებლების წახალისებას, ხარჯების შემცირების ხელშეწყობით დამატებითი აქტივის შეღავათით შეძენის შესაძლებლობის შენარჩუნებასა და გაზრდას.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქპატენტი მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების იმ მცირერიცხოვან უწყებათა შორისაა, რომლებიც მთლიანად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და შეფერხება არ ჰქონიათ. მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა უწყებამ შეფერხებების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა სახის შეღავათი დააწესა განაცხადების ვადებთან დაკავშირებით, თუმცა საფასურებზე შეღავათის დაწესების ინიციატივა მსოფლიო მასშტაბით არ დაფიქსირებულა.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითდაფინანსებაზე მყოფი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. მისი ძირითადი ფუნქციაა მიანიჭოს სამართლებრივი დაცვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს: გამოგონებას, სასარგებლო მოდელს, სასაქონლო ნიშანს, დიზაინს, გეოგრაფიულ აღნიშვნასა და ადგილწარმოშობის დასახელებას, მცენარეთა და ცხოველთა ახალ ჯიშებს, ასევე, უზრუნველყოს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ნებაყოფლობით დეპონირება.



