დღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი დაარსებიდან 25 წელს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, საზეიმო მიღება იმართება. ღონისძიებაზე საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ ყველაზე მეტი ადგილობრივი დიზაინისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიები დააჯილდოვა, მათ შორის - „ემბავუდ ჯორჯია“, «ქართუ - უნივერსალი», ,,ავერსი ფარმა“, ,,საქართველოს ბანკი“, ,,ბარამბო“ და სხვა კომპანიები. დიპლომი და ჯილდოები გადაეცათ ყველაზე მეტი პატენტის მფლობელ გამომგონებლებსა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადების წარდგენაში ლიდერ პატენტრწმუნებულებს.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი 1992 წელს დაარსდა. 25 წლის განმავლობაში საქპატენტმა გასცა 8621 პატენტი, დაარეგისტრირა 60000 ზე მეტი სასაქონლო ნიშანი, 2254 განაცხადი დიზაინზე, 208 განაცხადი ახალ ჯიშებზე. 2017 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა 6993 საავტორო უფლების დეპონირება და დაარეგისტრირა 46 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება.
საქპატენტი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა, რომელიც განსაკუთრებული სტატუსის მქონე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.