განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში. საგანაცხადო მასალების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქაღალდზე (იხ. განცხადების ბლანკი), ასევე ელექტრონულად, საქპატენტის ელექტრონული განაცხადების სისტემის გამოყენებით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე;
ბ) გამოგონების აღწერილობას;
გ) გამოგონების ფორმულას;
დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად;
ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.
განაცხადის შედგენის შესახებ რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ბმულზე. სასურველია, განაცხადის შედგენისთვის მიმართოთ პატენტრწმუნებულს.
განცხადება წარდგენილი უნდა იყოს ქართულად. სხვა საგანაცხადო მასალების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე. თუმცა საგანაცხადო მასალების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი.
თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს შემდეგ პროცედურულ საფეხურებს:
- განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება;
- ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა;
- არსობრივი ექსპერტიზა.
განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
განაცხადი მოწმდება ყველა იმ მოთხოვნის მიმართ, რომელიც საჭიროა განაცხადის შეტანის თარიღის დასადასტურებლად. განაცხადის შეტანის თარიღი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ თარიღით განისაზღვრება პრიორიტეტი, მათ შორის საკონვენციო პრიორიტეტის თარიღი, თუ განაცხადის წარდგენა სხვა ქვეყნებშიც ხდება სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის საფუძველზე. პრიორიტეტის გათვალისწინებით განისაზღვრება განაცხადში წარმოდგენილი გამოგონებისათვის ტექნიკის დონე. სწორედ ტექნიკის დონის მიმართებაში ფასდება გამოგონების სიახლე და საგამომგონებლო დონე.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ ტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. ამ დროს მოწმდება განაცხადის მასალების წარმოდგენის სისრულე და ცალკეული საგანაცხადო მასალის, კერძოდ, განცხადების ბლანკის, აღწერილობის, ფორმულისა და ნახაზების გაფორმების სისწორე. აგრეთვე, მოწმდება, ახლავს თუ არა განაცხადს მინდობილობა, თუკი განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის, მაგალითად, პატენტრწმუნებულის მიერ, უფლებათა გადაცემის აქტი, თუკი განცხადებაში გამომგონებლად მითითებული პირი განსხვავდება განმცხადებლისაგან. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის სტადიაზე განმცხადებელს ან მის წარმომადგენელს ეგზავნება შეტყობინება საგანაცხადო მასალებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ დადგენილ ვადაში მათი აღმოფხვრის შეთავაზებით. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში, არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მასალა, განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.
განაცხადის გამოქვეყნება
განაცხადის შეტანის თარიღიდან, ან თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი, პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე ხდება განაცხადის გამოქვეყნება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე განაცხადის გამოქვეყნება შესაძლებელია აღნიშნული ვადის გასვლამდეც. თუ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება შეტანის ან პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე მიიღება, მაშინ განაცხადი ქვეყნდება პატენის გამოქვეყნებასთან ერთად. თუ განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდა აღნიშნული ვადის გასვლამდე, განაცხადი არ ქვეყნდება.
არსობრივი ექსპერტიზა
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ტარდება არსობრივი ექსპერტიზა.
არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე მოწმდება, ეხება თუ არა განაცხადი ისეთ ობიექტს, რომელიც არ მიიჩნევა გამოგონებად ან რომელზეც არ გაიცემა პატენტი, ასევე მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი გამოგონების ერთიანობის მოთხოვნას, აღწერილობის სისრულის მოთხოვნას, ანუ შესაძლებელია თუ არა სპეციალისტისთვის მისი განხორციელება, ასევე გამოგონების ფორმულა ნათლად ასახავს თუ არა გამოგონების არსს და ეფუძნება თუ არა აღწერილობას. არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ტარდება ძიება და ფასდება პატენტუნარიანობის კრიტერიუმები - სიახლე, საგამომგონებლო დონე, სამრეწველო გამოყენებადობა. ძიების დროს ხორციელდება განაცხადში აღწერილი ტექნიკური გადაწყვეტილების იდენტური ან მსგავსი ობიექტების მომცველი დოკუმენტების მოძიება საპატენტო-საინფორმაციო და სხვა საძიებო სისტემებში.
არსობრივი ექსპერტიზის შედეგად განმცხადებელს ეგზავნება ძიების ანგარიში, რომელშიც მითითებულია მოძიებული დოკუმენტების სია, რომლებშიც აღწერილი ობიექტები გამოგონების ობიექტის ანალოგიურია, ან იდენტურია, და ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი და გამოგონება კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს. ძიების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ განმცხადებელს შეუძლია ორი თვის განმავლობაში წამოადგინოს შეცვლილი გამოგონების ფორმულა, წარმოადგინოს დასაბუთებული შეპასუხება. განმცხადებლის დასაბუთებულ შეპასუხებასთან დაკავშირებით საქპატენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ განაცხადი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ. თუ გამოვლინდა, რომ განაცხადი ან გამოგონება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნული ხარვეზი განმცხადებლის შეპასუხების შემდეგაც არსებობს, გაიცემა უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ.
პატენტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ხდება პატენტის რეგისტრაცია, პატენტის მონაცემების სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა.
საფასურები
განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, რეგისტრაციის, ყოველწლიურად პატენტის ძალის შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. საფასურების სია იხილეთ შემდეგ ბმულზე.