საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირთათვის საქპატენტი მოქმედებს, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღები უწყება“.
საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. საერთაშორისო განაცხადის ბლანკი უნდა შეივსოს ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
ქაღალდის ფორმატში საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება 3 ეგზემპლარად.
2017 წლის 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო განაცხადი საქპატენტში შეიტანონ ელექტრონულად, ePCT პლატფორმის გამოყენებით.
საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო საძიებო უწყებად (ISA) აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი ხუთი უწყებიდან (მიეთითება საერთაშორისო განაცხადის ბლანკში):
- ავსტრიის საპატენტო უწყება (AT);
- ევროპის საპატენტო უწყება (EP);
- რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახური (RU);
- ისრაელის საპატენტო უწყება (IL);
- აშშ პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყება (US).
საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს შემდეგი საფასურები:
- გაგზავნის საფასური (Transmittal Fee), რომელიც განკუთვნილია მიმღები უწყებისთვის (საქპატენტისთვის);
- საერთაშორისო წარდგენის საფასური (International Filing Fee), რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროსთვის (IB);
- ძიების საფასური (Search Fee), რომელიც განკუთვნილია განმცხადებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო საძიებო უწყებისთვის (ISA).
საქპატენტი, როგორც მიმღები უწყება, მიღებულ საერთაშორისო განაცხადზე ატარებს PCT პროცედურით განსაზღვრულ ფორმალურ ექსპერტიზას, რომლის დასრულების შემდეგ განაცხადის ერთ ეგზემპლარს აგზავნის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში (IB), ხოლო მეორე ეგზემპლარი იგზავნება განმცხადებლის მიერ არჩეულ საერთაშორისო საძიებო უწყებაში (ISA).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ზოგადი ინფორმაცია საქართველოს, როგორც PCT წევრი ქვეყნის შესახებ
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol1/annexes/annexb1/ax_b_ge.pdf
საქპატენტი PCT განაცხადების მიმღები უწყების როლში
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol1/annexes/annexc/ax_c_ge.pdf