საერთაშორისო (PCT) განაცხადი, რომელშიც გამოგონების ეროვნული პატენტის ან სასარგებლო მოდელის ეროვნული მოწმობის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.
საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“ (Designated Office), იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ეროვნული პატენტის ან სასარგებლო მოდელის ეროვნული მოწმობის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.
იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ეროვნული პატენტის ან სასარგებლო მოდელის ეროვნული მოწმობის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს, როგორც „არჩეული უწყება“ (Elected Office), თუ განმცხადებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.
საერთაშორისო განაცხადი, გაივლის რა საერთაშორისო ფაზის დადგენილ პროცედურებს - განაცხადის წარდგენას, საერთაშორისო ძიებას, საერთაშორისო გამოქვეყნებას, წინასწარ ექსპერტიზას (განმცხადებლის მოთხოვნით), განაცხადის შეტანის თარიღიდან ან პრიორიტეტის თარიღიდან 31 თვის შემდეგ შესაძლებელია გამოგონების ეროვნული პატენტის ან სასარგებლო მოდელის ეროვნული მოწმობის მისაღებად ეროვნული ფაზის დაწყება საქპატენტში. ამისათვის საჭიროა საქპატენტის გამოგონების ან სასარგებლო მოდელის განცხადების ბლანკის შევსება და საქპატენტში წარდგენა, ან შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება საქპატენტის ელექტრონული განაცხადების სისტემაში.
საქპატენტში ეროვნული ფაზის დაწყებიდან 2 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს განაცხადის თარგმანი ქართულ ენაზე.
თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
ტექნიკის დონის განსაზღვრის საფასურზე გათვალისწინებულია 50%-იანი შეღავათი, თუ საერთაშორისო საძიებო უწყების მიერ გაცემულია საერთაშორისო ძიების ანგარიში (ფორმა PCT/ISA/210) და წერილობითი დასკვნა (ფორმა PCT/ISA/237).
საერთაშორისო განაცხადზე ეროვნული ფაზის საქპატენტში დაწყების შემდეგ, განაცხადი გადის იმავე პროცედურას, რასაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პროცედურით საქპატენტში წარდგენილი განაცხადი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ზოგადი ინფორმაცია საქართველოს, როგორც PCT წევრი ქვეყნის შესახებ
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol1/annexes/annexb1/ax_b_ge.pdf
PCT ეროვნული ფაზა საქპატენტში
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol2/annexes/ge.pdf